გვერდები

5.18.2011

ინგილოები საქართველოს ელჩის გაწვევას ითხოვენ




საქართვლოს საგარეო საქმეთა სამინისტრი ინციდენტს კატეგორიულად უარყოფს

ზაზა წულაძე, თბილისი
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გაწვევას ითხოვენ. ინციდენტი
ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე
აზერბაიჯანის ქართველობასა და საქართველოს ელჩს შორის ადგილი ჯერ კიდევ აპრილში მოხდა, თუმცა დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ელჩი შარაშენიძე მოადგილესთან ერთად, ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადს ადგილობრივების თხოვნით ეწვია.
 წინასწარი შეთანხმებით, ზაქათალის გამგებელთან ერთად, უნდა განხილულიყო ის პრობლემები, რომლებიც ეთნიკურ ქართველებს აქვთ - მათ შორის, ქართული სკოლის, ბავშვთა ბაღისა და ახალშობილთათვის ქართული სახელების დარქმევის საკითხები. კახეთის საინფორმაციო ცენტრს  ალიაბადელებმა განუცხადეს, რომ ელჩმა ქართველებს შეურაცყოფა მიაყენა სკანდალური ფრაზით -„ჯერ გაარკვიეთ ქართველები თუ ხართ საერთოდ და შემდეგ დააყენეთ ეს პრობლები“. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ელჩი შარაშენიძე ნასვამი იყო:
„18 აპრილს ინგილოებთან იმყოფებოდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე და ასევე მისი მოადგილე. ალიაბადის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ელჩთან უნდოდათ საუბარი სოფელში ქართული სკოლისა და საბავშვო ბაღის არარსებობასთან დაკავშირებით. როგორც მათ გვითხრეს, ელჩი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.“
საქართველო-აზერბაიჯანის მოსაზღვრე -  კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში, დაახლოებით 40 ათასამდე ინგილო ცხოვრობს,  რომლებიც ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს მიეკუთნებიან. ქრისტიანული რწმენა და ქართული ადათ-წესები მხოლოდ კახის რაიონის ქართველობის ნაწილმა შეინარჩუნა, დანარჩენი გამუსლიმანდა და ეს პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს. ეთნიკური ქართველები სულ უფრო ხშირად და ღიად საუბრობენ, რომ აზერბაიჯანში უხეშად ირღვევა მათი უფლება, განსაკუთრებით, აღმსარებლობის თავისუფლებისა და განათლების მიღებასთან დაკავშირებით. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ მასალაში, საინგილოში მცხოვრები ეთნიკური ქართველი ქალბატონი, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით, არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება კერძოდ ამბობს:
„აქ კანონები არ არსებობს აბსოლუტურად - უშიშროება, დაშინება, დამუქრება აი ეს არის აზერბაიჯანელების მეთოდი. საბავშვო ბაღში იცის რომ ერთი მასწავლებელი ეკლესიაში დადის და ეუბნება რატომ დადიხარ ბოლომდე აქ უნდა იყო! ამის გამო სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. ჩვენს მოძღვარს მამა ბასილს ავიწროვებენ, ემუქრებიან, პარასკეობით ვერ ჩამოდის, პარაკლისებს ვერ ატარებს. ყველა ემუქრება, ხელისუფლების წარმომადგენელი და უბრალოდ გზაზე გამვლელიც კი, ნებისმიერი ადამიანი. მაგალითად, ახლა აღდგომა  რომ  იყო საფლავებზე წასვლა და საფლავების კურთხევა აუკრძალეს. არ არსებობს კანონი, არ გვყავს პატრონი. საქართველოდანაც ვერ ვრგძნობთ ვერანაირ ყურადღებას.“
საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ინციდენტს არ ადასტურებენ. ელჩის მოადგილე გელა გიორგაძე ალაიბადში ყოფნის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ელჩის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეს, რომელმაც აღნიშნა რომ სამინისტრო სწავლობს ამ არასასიამოვნო ისტორიას
გელა გიორგაძე: „ეს არის აბსოლუტური სიცრუეა რა თქმა უნდა, ასეთი საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით ალიაბადში თუ არ ვცდები 12 აპრილს, სკოლების და ბაღების გახსნაზე საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება სიმთვრალეს, ზაქათალის გამგებელიც იქ იყო, ჩვენც ვიყავით და საიდან მოიტანეს ვერ გეტყვით.“
ნინო კალანდაძე: „ჩვენ ელჩებს შესაბამისი დაკვირვებისა და წინასწარი სამუშაოების შედეგად ვარჩევთ და კონკრეტულად თეზიკო შარაშენიძის შემთხვევაში მე არავითარი ეჭვი არ მეპარება, რომ მსგავს ინციდენტს ადგილი არ ექნებოდა. იგი დაინტერესებულია, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი დაცული იქნას და უპირველეს ყოვლისა, აქ არის საუბარი ინგილოში მცხოვრებ მოსახლეობაზე. მათ ინტერესში მოქმედებს დამოუკიდებლადაც და ჩვენი ინსტრუქციის  შესაბამისადაც. ამიტომ, სამართლე გითხრათ, სანამ შესაბამისი მოკვლევა არ ჩატარდება და არ გაირკვევა რეალურად რა დგას ბრალდებების უკან, ჩვენ არა მხოლოდ რეაგირებას არ მოავხდენთ, არამედ საერთოდ ეჭვი არ შეგვაქვს ჩვენი ელჩის კეთილსინდისიერებაში.“
საქართველოს თითქმის ერთი წლის მანძილზე არ ჰყავდა ელჩი აზერბაიჯანში, 2010 წლის დეკემბერში ამ თანამდებობაზე თეიმურაზ შარაშენიძე დაამტკიცეს. პროფესიით ექიმი, 1995 წლიდან არის დიპლომატიურ სამსახურში. დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა საქართველოს საელჩოში თურქეთში, იყო სტამბულში პირველი გენერალური კონსული და ასევე, საქართველოს პირველი ელჩი ბულგარეთში.
§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§§

გამოსაკვლევი არც არაფერია
საელჩოს პირველი მდივანი, პრესატეშე ბატონი კახა აბდალაძე კვირის პალიტრის ჯურნალისტთან საუბარში ღიად აცხადებს:
 ... პრობლემა ის არის, რომ ინგილოები თვითიდენტიფიკაციას ვერ ახდენენ და როდესაც ჰკითხავვინ ხარ, ქართველი თუ აზერბაიჯანელიო, გპასუხობენ, ინგილო ვარო
ცალსახად ნათელია, რომ ასეთ ღია განცხადებას დიპლომატი, მითუმეტეს საელჩოს პირველი მდივანი არ უნდა აკეთებდეს (საქართველოს სახელმწიფო მოხელის მხრიდან ისტორიაში ეს პირველი ასეთი ხმამაღალი, შეურაცხმყოფელი და შოკის მომგვრელი განცხადებაა), აქ საქმე ან სრულ დილეტანტიზმშია ან და...…
 ყველა ვარიანტში ეს მაინც პოლიტიკური განცხადებაა, რადგან ამას საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი აკეთებს(!) და ამით არა მარტო საელჩოს, არამედ  მთლიანად ქართულ სახელმწიფოს ძალზედ უხერხულ მდგომარეობაში ყენებს.
უცნაურია, ძალზედ უცნაურია! გამოდის რომ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ეთანხმება  და სრულიად იზიარებს  ზოგიერთი  შოვინისტი ,,მეცნიერის" ანტიქართულ პოზიციას იმის შესახებ, რომ ინგილოები ქართველები არ არიან.
საკვლევი მართლა არაფერია, დავუშვათ რაღაცეებს აბრალებენ, მაგრამ რა შუაშია აქ ან გვარი ან ეროვნება? რა მნიშვნელობა აქვს რომელი ეროვნების მოქალაქეს აუკრძალავენ ქართული სახელების დარქმევას? ფაქტი ერთია და თან ჯიუტი--პარტნიორ ქვეყნის ხელისუფლებას  ქართული სახელები კანონგარე აქვს გამოცხადებული და ამას საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი არა თუ აპროტესტებს, არამედ მხარს უჭერს და თავს იმართლებს და ინგილოებს ჭკუას არიგებს, ისევ ჯობია საქართველოს საელჩოს პირველ მდივანს მოვუსმინოთ: ... ელჩმა დაარიგა, ჯერ  წინაპრების გვარი დაიბრუნეთ, მოახდინეთ თვითიდენტიფიკაცია, რომ ქართველები ხართ და მერე თუ დაგიშლიან ქართული სახელის დარქმევას, საელჩო რისთვის ვართო?... ეს ცინიზმია! (ცინიმი რბილი სიტყვაა, ეს ყველა ინგილოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი! აბა დაუკვირდით, დავუშვათ მოხდა ფანტასტიკა და ამ ადამიანებმა ქართული გვარი აღიდგინეს, მაშინ სახელი რა პრობლემა იქნება, გვარის დამბრუნებელი იგივე თეიმურაზ ვეღარ დაირქმევს?)
 კარგი, თვალი დავხუჭოთ ყველაფერზე. შევეშვათ ჩვენი იდენტიფიკაციას და საკითხს ასე შევხედოთ: დავუშვათ ინგილოები საერთოდ არ ცხოვრობენ აზერბაიჯანში და არა ინგილოებს, არამედ ფრანგ, ყაზახ, ან საერთოდაც ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, საკუთარი ბავშვისათვის ქართული სახელის დარქმევას უკრძალავდნენ, ასეთმა ფაქტებმა ოდნავ მაინც არ უნდა შეაშფოთოს იმ ქვეყნის საელჩო, რომელთა სახელები ბავშვებისათვის დარქმევა დანაშაულად ითვლება და იკრძალება? ნუთუ ეს სულ მცირე მათი ქვეყნის პრესტიის შელახვა არ არის?
ბატონებო,  წესით და რიგით, კითხვა საელჩო რისთვის ხართოარა ინგილოებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაგისვან და ისინი ამ კითხვას ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგისვამენ.

მალხაზ ნუროშვილი

No comments:

Post a Comment