გვერდები

6.10.2011

ბურუსი – BURUSI თენგიზ ვერულავა – TENGIZ VERULAVA

გიორგი ქოჩაკიძე
 (ჭალადიდელი)
მოსე ჯანაშვილი – თავადი გიორგი ქოჩაკიძე (ჭალადიდელი)
შეიტყობ, დიდი და დიდბუნებოვანი მამულიშვილი გარდაიცვალაო და ჯერხნობით მაინც არ გეჯერება, რომ მოსპობოდეს სიცოცხლე თვით ამ ,,ცოცხლობის” მქადაგებელსა და დარაჯს.. გარნა შენი ურწმუნოება მალე რწმენად იქცევა და ძაძით

 შემოსილ მეინახე-მგლოვარს მხოლოდ ისღა გრჩება სანუგეშოდ, რომ შენი საყვარელი არსება არ მომკვდარა, არამედ მხოლოდ განუსვენია და ტკბილად დაუძინია. კაცი რჩეული, კეთილად მშრომელი მოღვაწე და მქადაგებელი არა კვდება. თვით ხორციელი სიკვდილი შარავანდოსან ჰყოფს მის სულიერს ნამუშაკარს. სიტყვა და ქადაგება მისი არის მის-მიერვე და მისდავე აგებული ხელთუქმნელი და უხრწნელი ძეგლი, მარადჟამ ჩვენი მანუგეშებელი და გამამხნევებელი..

 აღარ გვყავს კოლხიდის შვილი და საქართველოს წარჩინებული მგოსანი. მოჰბერა სასტიკმა ჩრდილოეთის ქარმა და წარიტაცა სასურველი მამულიშვილი. განისვენა ჭალადიდელმა შორს საქართველოდგან, თეთრი ზღვის მიდამოებში.. დადუმდა ენა, რომელიც ატკბობდა ქართველს 30 წლის განმავლობაში: გადატყდა კალამი, დიდ-მშვენიერ ძეგლების მწერალი; შესდგა შვინვა აღმატებულ რიტორისა. წარვიდა იგი ნაღლით მოსილი და დაამკვიდრა იქ ,,სადა არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი”

***
 გიორგი ჭალადიდელის ნაწერები, განბნეულნი ქართულს დროგამოშვებით ჟურნალ-გაზეთებში, ,,ხელით ხელს საგოგმანებელნი” იქმნებიან, როდესაც ცალკე წიგნად დაჰბეჭდავს რომელიმე მადლიანი კაცი. მხოლოდ დღევანდელ სამგლოვიარო დღისთვის ამ ნაწერებიდგან ამოგვაქვს ორიოდე ნაღვლიანი და ამასთანავე კაცურ კაცის ღრმად დამაფიქრებელი ნაწყვეტი.

ნელის ქუხილით გადმოდის
 კამკამი მთიური წყარო;
 თითქო მთა-ბარს ჩაჰკითხოდეს,
 მოწყენილი რათა ხარო?
 აბა, წყარო, ჩემო წყარო,
 სამშობლოდგან მომდინარო,
 ყვავილი და ახალ ბუჩქი,
 გევედრები, გაახარო!

ჰხედავ!..
 არემარეს ნელა სძინავს,
 და ასწლოვან მოხუც მუხას
 მძიმედ თავი ჩაუღუნავს,
 და ფოთლების ნელსა რყევას
 ყურს უგდებს და უკვირდება,
 საქართველოს ძველს მოთხრობას
 თითქოს მას ეჩურჩულება.

ამ ლექსში ჭალადიდელი მოიხსენიებს თავის ყმაწვილობის დროს, როდესაც იგი სწავლობდა ჯერ შინ, მერე ქუთაისისა და ტფილისის სასწავლებლებში და მერე რუსეთში.

მახსოვს, პირველად სასწავლებელში
 წასაყვანად რომ მე მომამზადეს:
 მაშინ ანბანი მომცეს მე ხელში
 და შორსა გზასა მე გამამგზავრეს.
 ვხედავდი, მინდვრებს რომ ვშორდებოდი,
 ნაჩვევ ბაღებსაც ვეთხოვებოდი,
 დაღონებული მწარედ ვსტიროდი,
 მაგრამ არავის ვებრალებოდი.
 მხოლოდ ეს მახსოვს, გამომყვა დედა
 და მითხრა: ,,შვილო, კმარა, ნუ სტირი,
 ვინ სახლში დარჩა, რა გააკეთა,
 ვინ მოიშორა თავიდან ჭირი;
 გიყვარდეს სწავლა, გულს მოდგინება,
 შრომა და ჯაფა ნუ დაგეზარება,
 თუ შენი შრომა და შენი ჯაფა
 სამშობლოს რადმე გამოადგება;
 იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა,-
 კარგია, შვილო, სწავლის შეძენა,-
 მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე უფრო,-
 არ დაივიწყო სამშობლო ენა;
 მერწმუნე, რომა გამოცდილია,
 თუ საძირკველი დანგრეულია,
 მაშინ კედლების აშენებისთვის
 ყოველი შრომა დაკარდულია”.
 ამ სიტყვებითა დედა მომშორდა
 და ეს მას აქეთ დამამახსოვდა,
 რომ ის ამ სიტყვებს გრძნობით ამბობდა.
 თვალთაგან ცრემლსა ფრქვევა გაჰქონდა..

გაგებულ კაცს ბევრს და ფრიად ბევრს ეუბნება ჭალადიდელის დედის სიტყვები შესახებ სამშობლოს ენისა, მისის საძირკველისა. ჭალადიდელის მშობელი არა ჰგვანებია ზოგიერთ აწინდელ ცირაებსა და ქომოლი-კოჩებს! დედაც ის არის, რომელიც სამშობლოს აღუზრდის ჭალადიდელისთანა კაცებს; ნეტარ არს იგი მშობელი, რომელიც თავის რძესთან ერთად შვილს შეასისხლხორცებს მამულის სიყვარულს და შეასწავლის საუბარსა და მსჯელობას იმისთანა წმიდასა და ანკარა ენაზედ, ვითარცა არის ენა ჭალადიდური.
 წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა ახლად გარდაცვალებულისა მონისა შენისა გიორგი ქოჩაკიძისასა.

“ივერია” 1898, N 87, 25 აპრ. გვ. 1

No comments:

Post a Comment