![]() |
ვასილ ბაბაჯანაშვილის საფლავი /ქოთოქლო, საინგილო/ |
ქვემოთ მოუყვანილ წერილში მოთხრობილია ერთი უბრალო, მაგრამ უაღრესად მორწმუნე და ღვთისმოშიში კაცის იერუსალიმში ფეხით მოგზაურობის შესახებ.
ჩვენ ჰერელებმა დიდი ხანია დავიწყებას მივეცით ჩვენი წარსული, დავივიწყეთ კალამი, რომელმაც უნდა აღწეროს ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების ისტორიები და მათი ნაღვაწები.
ქვემოთ მოყვანილი წერილის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა: გაგვაცნოს ჩვენი წინაპარი. ერი, რომელიც არ იცნობს თავის წარსულს, იგი ვერ შექმნის ღირსეულ მომავალს. მაშ, მოდით გავიცნოთ ჩვენი წინაპრები.
პირველი ჰერელი კაცი, რომელმაც მოილოცა წმინდა იერუსალიმი.
,,საფლავსა შინა მდებარე ვარ ვასილ მიხეილის ძე ბაბაჯანაშვილი, რომელმაც პირველმა ინგილოთაგანმა მოილოცა წმინდა იერუსალიმი“. ვკითხულობთ ამ სიტყვებს მისი საფლავის ქვაზე და ისმის კითხვა: ვინ იყო ეს კაცი, საერო თუ სასულიერო? მარტო იმოგზაურა თუ ვინმე ახლდა?
ამ კითხვაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა არ ხერხდება, რადგან არავითარი წერილობითი დოკუმენტს ჩვენამდე არ მოუღწევია, არც მისი არსებობაზე მიგვანიშნებს რაიმე. გადმოგცემთ იმას, რამაც ჩვენამდე მოაღწია ზეპირი გადმოცემით, რასაც მოგვითხრობს საფლავის ქვაზე წარწერა.
![]() |
მოსე ჯანაშვილის საზოგადოების ყოველთვიური გაზეთი ,,მოამბე“, აგვისტო, N2 (საზოგადოება დაფუძნდა კახში, 1990 წლის 3 ივნის) |
იგი პატიოსანი, მშრომელი და ღრმად მორწმინე კაცი ყოფილა. რწმენის სიმტკიცემ და სიყვარულმა წაიყვანა ეს კაცი მარტოდ მარტო ფეხით, იერუსალიმის წმინდა ადგილებში სალოცავად. იგი მოგზაურობდა 1908 წელს.
ვასილ ბაბაჯანაშვილი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პირველი ჰერელი კაცია, რომელმაც მოილოცა ჩვენი წმინდა სალოცავი, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე.
ვასილს ოჯახი ჰყოლია, ოღონდ შვილი არ მისცემია. მისი იერუსალიმში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი უშვილობა ყოფილა.
იერუსალიმში ჩასულ ვასილს, როგორც ყველა მორწმუნე კაცს, გეზი მაღალი მთისკენ დაუჭერია, სადაც ლურჯი ტბა ყოფილა. მთაზე ამსვლელი სულ 400 კაცი ყოფილა. მათ შორის ვასილიც. მთის მწვერვალს მხოლოდ სამმა კაცმა მიაღწია. მათ შორის ერთი ვასილი ყოფილა. ალბათ მხოლოდ მათ ეწერათ მწვერვალამდე მიღწევა, ვინც ჭეშმარიტი მსახური იყო ქრისტესი.
ვასილს თან წაღებული ჰქონია თეთრი ქსოვილი, რომელიც ამ ტბაში დასველების შემდეგ ლურჯად შეღებილა. ეს ქსოვილი თან წამოუღია სახლში.
წასვლა-წამოსვლას მან ექვსი თვე მოანდომა. დაბრუნების შემდეგ ღვთის სამადლოდ პურ-მარილი ჰქონია დიდი, რომელზეც მთელი სოფელი ჰყოლია დაპატიჟებული. სწორედ ამ პურ-მარილზე სახალხოდ განუცხადებია: ,,უფალმა გამჩენმა ამის შემდეგ ერთ წელზე მეტი აღარ მაცოცხლოს, აქამდე არავითარი ცოდვა-ბრალი არ მადევს, ამის მერეც ღმერთმა არაფერი ცოდვა ჩამადენინოსო“.
![]() |
საინგილო, ს. ქოთოქლო, სამების ეკლესია XIX ს. /მამა იოანე აბასაშვილის ფოტო/ |
დაბრუნების წლისთავზე ვასილ ბაბაჯანაშვილი დარდაიცვალა. ამჟამად იგი განისვენებს სოფელ ქოთოქლოს ძველ სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვას კუბოს ფორმა აქვს, რომელიც სიცოცხლეშივე ჩამოუტანია ქედიდან.
ქვას წინა მხარეს აწერია ის, რაც წერილის თავში მოუძღვის, ხოლო უკანა მხარეს ვკითხულობთ: ,,ქოთუკლუს ეკლესიის მნათე. გარდაიცვალა 1909 წელსა მაისის 22-სა, დასაფლავდა 24-ში, შობიდგან 52 წლისა. მკითხველნო შენდობა მაღირსეთ.“
მთხრობელი მასიკო ბაბაჯანაშვილი
სოფელი ქოთოქლო
1990 წ. 29 ივნისი
No comments:
Post a Comment